ჟურნალის შესახებ
„Art კვლევები“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომების კრებულია. იგი 2019 წლიდან ყოველწლიურად გამოდის და თავს უყრის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევებს ხელოვნების და, ზოგადად, კულტურის ისტორიისა და თანამედროვეობის მნიშვნელოვან თემებზე, პრობლემებზე, სახელოვნებო პროცესებზე, უნივერსიტეტის სასწავლო რესურსად მოაზრებულ ნაშრომებს, კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ თარგმნილ მასალებს.
„Art კვლევების“ ყველა გამოცემაში წარმოდგენილია კვლევები ხელოვნებათმცოდნეობის, თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ქორეოლოგიის, მუსიკოლოგიის, სახელოვნებო განათლების, ლიტერატურათმცოდნეობის, კულტუროლოგიის მიმართულებებით. შრომებს დართული აქვს რეზიუმეები ინგლისურ და გერმანულ ენებზე, რაც პუბლიკაციების საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში ინტეგრირებას ემსახურება.
დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ინტერესების სფეროშია უცხოეთის არქივებსა და მუზეუმებში ხელოვნებისა და მეცნიერების ქართველ მოღვაწეთა და, ზოგადად, ქართული კულტურის შესახებ დაცულ მასალებზე მომზადებული სტატიების პუბლიკაცია, მათი სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანისა და შემდგომი კვლევისთვის.
„Art კვლევების“ ყველა კრებულში, რუბრიკით „მუზეუმის კოლექციიდან“, მკითხველი ეცნობა დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტრუქტურაში გაერთიანებულ თეატრისა და კინოს მუზეუმში დაცულ მასალებს, რომელთა უდიდესი ნაწილი უცნობია სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის. კრებულში, ასევე, მოცემულია ინფორმაცია კვლევითი ინსტიტუტში მომზადებულ წიგნებსა და პუბლიკაციებზე, ინსტიტუტის თანამშრომელთა სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის შესახებ.
„Art კვლევების“ ყველა კრებულს სხვადასხვა სარედაქციო-სარეცენზიო საბჭო ჰყავს. მასში წარმოდგენილი არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევარები. ყველა ნაშრომი გადის რეცენზირებას.
დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომების კრებულის მიზანია ინსტიტუტის ყოველწლიური კველვითი საქმიანობის შედეგების თავმოყრა და მისი პროფესიული და ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება.