როლან ბარტი, „მნიშვნელობის პრობლემა კინოში“
Main Article Content
Abstract
როლან ბარტის ესეი „მნიშვნელობის პრობლემა კინოში“ დაწერილია 1960 წელს, იმ დროს, როდესაც იგი სტრუქტურალიზმის იდეებს აღიარებდა. ბარტის ამ პერიოდის შრომებში მისი ცნობილი „ავტორი“ ჯერ კიდევ თავად განსაზღვრავდა მხატვრული ქმნილების იდეასა და ღირებულებას: „ფილმი ნიშნებითაა გაჯერებული - ნიშნებით, რომლებიც ავტორის მიერ იქმნებიან და მაყურებლის მიმართ წესრიგდებიან“, მოგვიანებით, ბარტის ლოგიკურ, მწყობრ კვლევებში წინააღმდეგობრივი ობიექტები და დასკვნები ჩნდება და უკვე 1967 წლიდან იგი რადიკალურად გადააფასებს თავის ვირტუოზული დამაჯერებლობითა და სიღრმით გაკვალულ პოზიციებს, და „ავტორის სიკვდილს“
გამოაქვეყნებს, რომელშიც „სკრიპტორად“ წოდებული ავტორი კი არ განსაზღვრავს მკითხველისადმი „შეტყობინებას“, არამედ ყველასთვის საერთო „უპიროვნო“ ენა, ხოლო მკითხველი უკვე თავისუფალია თავის აღქმებსა და შეფასებებში: „ლაპარაკობს არა ავტორი, არამედ ენა თავისთავად, როგორც ასეთი...“ აქედან მოყოლებული, ბარტი პოსტსტრუქტურალიზმის იდეებს აყალიბებს, თუმცა, აქ წარმოდგენილი ესეის წერისას, ის, როგორც აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ თავდაჯერებული სტრუქტურალისტია. ესეიში წარმოდგენილი იდეა თუ სემიოლოგიური კვლევის მიზანი და სტილი, ნიშნის მნიშვნელოვანების ხაზგასმა, თანამედროვე მკითხველისთვის მეტ-ნაკლებად მოკლებულია აქტუალობას; თუმცა, უკვე გადაფასებული მოსაზრებების მიუხედავად, ეს პატარა ესე საინტერესოა თუნდაც კინოესთეტიკის ისტორიის,
იმ დროის ეკრანისთვის დამახასიათებელი ხიბლის გაგების თვალსაზრისით. ამასთანვე, ესეი „მნიშვნელობის პრობლემა კინოში“ (ისევე, როგორც როლან ბარტის უაღრესად საინტერესო შემოქმედება - კლასიკურიც, სტრუქტურალისტურიცა თუ პოსტსტრუქტურალისტურიც), მკითხველში ამჯერადაც აღძრავს კრიტიკის ცოცხალ იმპულსს, „დაასნებოვნებს“ ფიქრისა და ანალიზის სურვილის „ვირუსით“, დაბადებს მასში წინააღმდეგობრივ, ჯერარდასმულ კითხვებსა და მრავალ ურთიერთგამომრიცხავ პასუხს.