საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული – „ART კვლევები“ – ყოველწლიურად გამოდის და ინსტიტუტის თანამშრომელთა უახლესი კვლევების შედეგებს ასახავს.
„ART კვლევების“ IV კრებულში, წინარე გამოცემების მსგავსად, მრავალმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციებია წარმოდგენილი ხელოვნებათმცოდნეობის, თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ქორეოლოგიის, სახელოვნებო განათლების, ლიტერატურათმცოდნეობის, კულტუროლოგიის მიმართულებებით. ამასთან, მკითხველს ვთავაზობთ ახალ რუბრიკებს: „უცხოეთის არქივებიდან“ – უკრაინის ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივ-მუზეუმში (ქ. კიევი) ხელოვნებისა და მეცნიერების ქართველ მოღვაწეთა და, ზოგადად, საქართველოს შესახებ დაცულ დოკუმენტებზე პუბლიკაციით. აღნიშნული სტატია უკრაინელი კოლეგების მიერ საგანგებოდ მომზადდა „ART კვლევებისთვის“. მეორე რუბრიკით – „ახალი თარგმანი“ – მკითხველი გაეცნობა ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ თეორიულ ნაშრომს საცეკვაო ხელოვნების შესახებ, რომელიც ქორეოლოგიული მეცნიერების სათავედაა მიჩნეული, ლუკიანე სამოსატელის „ცეკვის შესახებ“.
ტრადიციულად, „ART კვლევების“ I (2019), II (2020) და III (2021) კრებულების მსგავსად, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომების მეოთხე კრებულშიც გამოყენებულია უნივერსიტეტის თეატრისა და კინოს მუზეუმში (გაერთიანებულია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტრუქტურაში) დაცული მასალები ფოტო, აფიშების და ესკიზების კოლექციებიდან, რომელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.
მიმდინარე გამოცემა | ტომ. 4 (2022) |
---|---|
გამოქვეყნებული | 2022-03-21 |
სრული გამოცემა |